მოზაიკური პანო “ რბოლის მძღოლები” შეიქმნა 1980-იან წლებში სპეციალურად რუსთავის ავტოდრომისთვის. აღნიშნული სარბოლო ტრასის ტერიტორია,რომელიც მდებარეობს საქართველოს დედაქალაქიდან 20 კმ-ის დაშორებით, გაიხსნა 1978 წელს. პირველი საავტომობილო რბოლები ჩატარდა უკვე 1978 წელს, როდესაც სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ იყო დასრულებული. ხოლო 1979 წლიდან 1989 წლამდე რუსთავში გაიმართა საბჭოთა კავშირის მე-11 ჩემპიონატი რბოლაში. 2011-2012 წლებში ავტოდრომს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია, 2012 წლის 29 აპრილს კი გაიმართა განახლებული წრის ოფიციალური გახსნის ცერემონია.
1250 x 600 სმ ზომის მოზაიკა ყოფილი სასტუმროს წინა კედელზე იყო განთავსებული. ავტოდრომის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა გეგმავდა აღნიშნული სასტუმროს რეკონსტრუქციას .საპროექტო გეგმა ითვალისწინებდა მოზაიკური პანოს შენარჩუნებას. პანოზე უცნობმა ოსტატმა ცოცხალ, დინამიურ კომპოზიციაში გააერთიანა ავტო და მოტო რბოლასთან დაკავშირებული სხვადასხვა ელემენტი. კომპოზიციის სემანტიკურ და პლასტიკურ ცენტრს წარმოადგენდა იმ დროინდელი რბოლის მძღოლების სტილიზებულ ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა წყვილი (კაცი და ქალი). კაშკაშა ფერებით გამორჩეული ინოვაციური ფორმის დეკორატიული კომპოზიცია იყო საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მოზაიკა, რომელიც საქართველოში შემორჩა.
ფონდის მიერ 2021 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, აღნიშნული ნამუშევარი შევიდა ქართული მოზაიკის ზოგად ელექტრონულ კატალოგში.
2022 წლის აგვისტოში ჩვენმა ფონდმა მიიღო ინფორმაცია, რომ კედელი, რომელზეც იყო განთავსებული მოზაიკური პანო, თითქმის მთლიანად დაინგრა. საქართველოს კულტურის სამინისტროს დახმარებით “რიბირაბომ” მოახერხა მოზაიკის სრული განადგურების შეჩერება. იმავე წლის ოქტომბერში ჩვენ ჩამოვხსენით დანგრეული მოზაიკის ნაშთები 20 კვ.მ. ოდენობით. შემორჩენილი ფრაგმენტებიდან ჩვენმა ექსპერტებმა მოახერხეს ორი დამოუკიდებელი პანოს შექმნა . ერთი მათგანი ასახავს ქართინგის მანაქნებს, ხოლო მეორე სარბოლო მოტოციკლებს.
ამ დროისთვის აღნიშნული პანოები ინახება ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე . მათ სამომავლო განთავსების ადგილს განსაზღვრავს კულტურის სამინისტრო .