ესეც კახათი,ზუგდიდის მიმდებარე სოფელი, რომელიც ოდესღაც იყო სიცოცხლით სავსე რამდენიმე ჩაის ქარხნის წყალობით, რომლებშიც ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული. ახლა სოფელი კახათი გადაიქცა ყოფილი კეთილდღეობის აჩრდილად.
ჩემი ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, მიიპყრო სკოლამ, რომლის შენობა აშენდა გასული საუკუნის 80-იან წლებში და შეკეთდა 2000-იანი წლების პირველი ათწლეულის დასაწყისში. ეს ნაგებობა არაფრით არ არის გამორჩეული, გარდა იმისა, რომ მის ფასადზე შემორჩენილია 1980 წლის თავისთავადი მოზაიკები, რომლის ავტორი – სამწუხაროდ! – უცნობია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ორი უზარმაზარი მოზაიკური პანო, სიმეტრიულად განლაგებული შენობის ფასადის ორივე მხარეს, შესანიშნავ მდგომარეობაშია: ჩანს, რომ სკოლა უვლის მათ. ოღონდ ისაა, რომ ერთ პანოს ნაწილი ჩამოტყდა… როგორც ჩანს, სკოლის ერთ-ერთ ნაგებობაში გაჟონვის გამო, რომელიც ნაჩქარევად შეკეთდა ფასადის მორთულობის გაუთვალისწინებლად.მაგრამ ეს არაფერი.რაც მთავარია, იგრძნობა, რომ შენობის მოზაიკას სკოლის ხელმძღვანელობა ყურადღებას აქცევს.
მაგრამ… ოჰ!!! ზემოხსენებული სკოლიდან ხუთი წუთის სავალზე არის ძველი (ახლა გაუქმებული) კახათის ავტობუსის გაჩერება, რომლის კედლებზე განლაგებულია იგივე (უცნობი) ავტორის მოზაიკური პანოები. რა საშინელ მდგომარეობაშია ისინი! მიუხედავად იმისა, რომ თავად მოზაიკები შესანიშნავად არის შემონახული, თითქმის არ არის დაზიანებული, ისინი წარმოუდგენლად ბინძურია. და არა მარტო ბინძური: ისინი მთლიანად დაფარულია „ამ მხარეში ჩავლილი“ საარჩევნო და სარეკლამო კამპანიების პოსტერებით და რაღაც გაუგებარი გრაფიტით, რომელიც ნაჩქარევად არის დახატული ადგილობრივი უსაქმურების დაუდევარი ხელებით… და საერთოდ, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ ყველაზე ზარმაცი ადგილობრივი მკვიდრი არ შეხებია ბინძური ხელებით საცოდავ მოზაიკას რისთვის?! რა ცოდვებისთვის მოუწია ამ მოზაიკას სიძულვილისა და ზიზღის მთელ ამ კორიანტელის ატანა?… ეს, რა თქმა უნდა, რიტორიკული კითხვაა.
მაგრამ მე მაქვს კიდევ ერთი, არც თუ რიტორიკული კითხვა.
რა მოხდებოდა, თუ რომელიმე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლის ხელმძღვანელობას აზრად მოუვიდოდა მხოლოდ ერთი დღის გამოყოფა მის დასასუფთავებლად და ამ მიზნით მოაწყობდა მოსწავლეთა „გასვლას“ გაჩერებაზე? ეს ხომ არც ისე რთულია – მოაწყო ღონისძიება მოხალისეებისთვის. ბოლოს და ბოლოს, შეიძლებოდა ამ ღონისძიების ჩართვა „კლასგარეშე ღონისძიებების“ განრიგში. გასაგებია, რომ ის არსებობს.
რას მოგვცემდა ეს?
პირველ რიგში, ეს იქნებოდა დამატებითი სოციალიზაცია მოსწავლეთათვის, რომლებიც გაერთიანდებოდნენ მათთვის ახალი გამოცდილების გარშემო, ე. ი. მათ მიეცემოდათ შესაძლებლობა ეპოვნათ თანამოაზრეები და იგივე ინტერესების მქონე მეგობრები. მეორეც, მოსწავლეები უშუალოდ შეეხებოდნენ მონუმენტურ ხელოვნებას – სწორედ იმას, რომელთა ნიმუშებით ისინი ყველაზე ადრეული ბავშვობიდანვე არიან გარშემორტყმული, მაგრამ რომელთა შემჩნევა და დაფასება ჯერ არ უსწავლიათ. მესამე, ასეთი ღონისძიება იქნებოდა იმის საბაბი, რომ ესწავლებინათ მოსწავლეებისთვის „ადამიანის ხელით შექმნილის“ პატივისცემა, აეხსნათ მათთვის, რომ ხელოვნების ყველა ნაწარმოების უკან დგას მისი ავტორი – მხატვარი, რომელმაც მოიგონა და განახორციელა ის, ჩააქსოვა მთელი თავისი შთაგონება, წარმოსახვა და ხანგრძლივი შრომა. და სწორედ ამიტომ იმსახურებს ის პატივისცემას და გაფრთხილებას.
დაე, იმ ბიჭმა ან იმ გოგონამ, რომელმაც საღებავის ქილა აიღო და ვიღაცის მიერ შექმნილ მოზაიკაზე დახატა გული, მიუძღვნა ის თავისი ახალგაზრდული შეყვარების ობიექტს, გაიგონ, რომ მათი მოქმედება სულაც არ არის ლამაზი ჟესტი სიყვარულის სახელით, არამედ პირიქით, არის ვანდალიზმის გამოვლინება, რომელიც შეუთავსებელია სიყვარულის შემოქმედებით ძალასთან! დაე, ამ ბიჭებმა და გოგონებმა გაიგონ, თუ რა ძალისხმევა სჭირდება მოზაიკის გაწმენდას ჭუჭყისგან, მტვრისგან და ისეთი შეუგნებელი ადამიანების „მხატვრობისგან“, რომლებსაც არ ესმით მისი ღირებულებები!..
დარწმუნებული ვარ, რომ სკოლების მიერ მხოლოდ ერთი ჭკვიანურად ჩატარებული ღონისძიება გაცილებით მეტს მისცემს მოსწავლეებს, ვიდრე ერთად აღებული ყველა ინფორმაცია, რომელსაც ისინი ითვისებენ ყოველგვარი ტიკტოკებიდან. ბავშვები ხომ ისე ცნობისმოყვარენი არიან, ისე ადვილად შეიგრძნობენ სიახლეს.
რა თქმა უნდა, ერთი მცდელობით მოზაიკის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელი იქნება: მას მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი დამცირების ატანა მოუწია. მაგრამ საქმე ადგილიდან დაიძვრება. და, ვინ იცის, იქნებ შემდგომში ამ ღონისძიების რომელიმე მონაწილე მოისურვებს მუშაობის გაგრძელებას ამ ან სხვა მოზაიკის გადასარჩენად… რაც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ღონისძიების ყველა მონაწილე ასე თუ ისე შეიცვლის გარემოს აღქმას: მოზაიკის „გადარჩენაში“ მონაწილეობის შემდეგ ისინი ყოველ ნაბიჯზე შეხვედრილ მოზაიკურ ნამუშევრებს უკვე აღარ აღიქვამენ, როგორც „სურათებს“, რომლებიც არავის აღარ სჭირდება, როგორც რაღაც სამუდამოდ გარდასული ეპოქის ნამსხვრევებს, რომლებიც ყურადღებას არ იმსახურებს. პირიქით, ისინი მიხვდებიან, რომ მიუხედავად ჩვენი, თანამედროვე საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულებისა იმ ეპოქის მიმართ, იმ რთულ, არაერთგვაროვან დროში შექმნილი მოზაიკური ნამუშევრები ხელოვნების ნიმუშებია, მიუხედავად შექმნის დროისა.
და ბოლოს, რათა ყოველივე ზემოთქმული ფუჭ სიტყვებად და ქედმაღლურ ჭკუის დარიგებად არ ჟღერდეს, მინდა დავამატო: ჩემი მხრივ, სანამ სამეგრელოში ვარ, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ასეთ სასკოლო ღონისძიებაში, როგორც მოხალისე კონსულტანტი. ავუხსნიდი ბავშვებს, როგორ უნდა გაიწმინდოს მოზაიკა, რომელი საშუალებების გამოყენება შეიძლება და რომელის არა, რა ტექნოლოგიები შეიძლება გამოვიყენოთ მოზაიკების აღდგენაში და – რაც მთავარია! – მოვუყვებოდი ცნობისმოყვარე ბავშვებს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მოზაიკის, მისი ისტორიისა და დამახასიათებელი თავისებურებების შესახებ, რათა მათ გაიგონ მისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის.
მინდა ჩემი პოსტი მივიდეს პირდაპირ დანიშნულებისამებრ: სამეგრელოს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში. შეიძლება ისინი დაინტერესდნენ ჩემი იდეით. და თუ ვინმე, ვინც წაიკითხა ჩემი ნაწერი, შეძლებს ჩემს დახმარებას ამაში, ძალიან მადლობელი ვიქნები.
მომწერეთ მესინჯერში.