სამწუხარო ამბავი: მახინჯაურში ვაჟა ბჟალავასა და ზაურ წულაძის ცნობილი მოზაიკა დაანგრიეს.
სამწუხარო ამბავი: მახინჯაურში ვაჟა ბჟალავასა და ზაურ წულაძის ცნობილი მოზაიკა დაანგრიეს. მოზაიკა ადგილობრივი სკოლის კედელზე იყო. ეს მოზაიკა შეტანილი იყო ჩვენი ფონდის მიერ შექმნილ ქართული მოზაიკის კატალოგში (georgianmosaics.com). იგი ასევე მოხსენიებულია საბჭოთა მოზაიკის მკვლევარის ნინი ფალავანდიშვილის წიგნში („საბჭოთა პერიოდის მოზაიკა საქართველოში“. სულაკარის გამომცემლობა). მისი განადგურების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გადმოგვცეს, რომლებიც წარუმატებლად ცდილობდნენ აღეკვეთათ მისი განადგურება. სამწუხაროდ, მოზაიკის განადგურების შესახებ გავიგეთ პოსტფაქტუმ.
რატომ მოხდა ქართული მონუმენტური ხელოვნების ნიმუშის განადგურების აშკარა ფაქტი, რომელიც მისმა მკვლევარებმა კულტურული ინდუსტრიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნიმუშად შეაფასეს? საქმე ისაა, რომ ზემოაღნიშნულ სკოლას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და სამშენებლო კომპანიამ, რომელმაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაატარა, უბრალოდ თავი არ შეიწუხა მოზაიკით. ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, მშენებლებმა მოზაიკა დაანგრიეს იმ საბაბით, რომ სკოლის გარე კედელზე გაჟონვა იყო, რომელიც შეკეთებას საჭიროებდა. ამავდროულად, სამშენებლო კომპანიამ თითქოს „განიხილა“ მოზაიკის სამუშაოების დემონტაჟის შესაძლებლობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მისი დემონტაჟი შეუძლებელია. ამასთან დაკავშირებით ლოგიკურია დაისვას კითხვა: მიმართეს თუ არა მშენებლებმა სპეციალისტებს, მოზაიკის რესტავრატორებს? არა, მათ ეს არ გააკეთეს. მოზაიკას „დიაგნოზი“ თავად დაუსვეს და შემდგომი განხილვის თავიდან აცილების მიზნით, სწრაფად, ფაქტობრივად, ერთი დღის განმავლობაში, კედელი პერფორატორებით გაასუფთავეს. ანუ ისარგებლეს პრინციპით Dictum ac factum. ამრიგად, მშენებელმა კომპანიამ სრულიად უგულებელყო ადგილობრივი მოსახლეობის აზრი, ვისთვისაც 70-იანი წლების ბოლოს შექმნილი მოზაიკური პანო არა მხოლოდ ესთეტიკურ-კულტურული ღირებულების მქონე იყო, არამედ რამდენიმე თაობის მანძილზე იგი პირდაპირ კავშირში იყო დაბა მახინჯაურის საშუალო სკოლის ისტორიასთან. ხალხს უყვარდა ეს მოზაიკა და ამაყობდა ამით. თითქმის თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ისტორია, რომელიც დაკავშირებულია ამ ნამუშევართან.
ცხადია, რომ სამშენებლო კომპანიის მენეჯერებმა უბრალოდ გუგლითაც არ ისარგებლეს, რათა გაეგოთ, არსებობდნენ თუ არა საქართველოში მოზაიკის რესტავრაციის სპეციალისტები. ალბათ, იფიქრეს,რომ ჩვენი ქვეყანა იმდენად ჩამორჩენილი და უკულტუროა, რომ ასეთი პროფესია აქ მოთხოვნადი არ არის.
ასე რომ, შენიშვნა ყველას, ვისაც აინტერესებს, შესაძლებელია თუ არა შენობების რეკონსტრუქცია მათზე განთავსებული მოზაიკური ნამუშევრების განადგურების გარეშე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს შესაძლებელია! საქართველოში არიან პროფესიონალი რესტავრატორები, რომლებსაც შეუძლიათ საბჭოთა პერიოდის განადგურებისთვის განწირული მოზაიკების გადარჩენა და შენარჩუნება. კერძოდ, ჩვენს ფონდს აქვს მრავალი ასეთი პროექტი, მათ შორის რთული და შრომატევადი. შეგახსენებთ, რომ ქართული მოზაიკის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდი “რიბირაბოს” უპირველესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიაზე თანამედროვე მოზაიკური ნამუშევრების რესტავრაცია და კონსერვაცია და ჩვენ ვუზრუნველყოფთ თანამედროვე სარესტავრაციო ტექნოლოგიით გათვალისწინებულ ყველა ხელმისაწვდომ რესურსს, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი ქვეყნის მონუმენტური კულტურული მემკვიდრეობის გაქრება.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდის მოზაიკური ხელოვნების ნამუშევრები დე-იურე კვლავ განიხილება მხოლოდ იმ არქიტექტურული ნაგებობების კონტექსტში, რომლებზეც ისინი მდებარეობს, დე-ფაქტო მათ აქვთ დამოუკიდებელი მხატვრული ღირებულება. მოზაიკური ნამუშევრები წარმოადგენენ ქართული ხელოვნების ცალკეულ, მასშტაბურ და ღირებულ შრეს. მათი განადგურება მიუღებელია!