ეს არის მესამე და ბოლო მოზაიკა, რომლის რესტავრაციით ვასრულებთ პროექტს.
ეს არის მესამე და ბოლო მოზაიკა, რომლის რესტავრაციით ვასრულებთ პროექტს.
არ დაგიმალავთ,კერძოდ ეს პანო ყველაზე რთული აღსადგენია იმასთან შედარებით, რაც აქამდე გამიკეთებია.საქმე ისაა, რომ მოზაიკა მთლიანად დალპა ,იმის გამო, რომ კედელში, სადაც ის განთავსებულია, მეზობელმა ხემ რატომღაც ფესვი გაიდგა და წლების განმავლობაში მასში ჩაიზარდა. ხის ფესვებმა მთლიანად გაანადგურა მოზაიკა შიგნიდან.
შესაბამისად კედლის მოზაიკური „საფარი“ თხელი და მყიფე გახდა: მოზაიკის კერამიკული ტესერები დათხელდა, ფაქტიურად “აფეთქდა” შიგნიდან ,ასე რომ ვთქვათ, დამწვარი ქაღალდის ფურცელს დაემსგავსა… ამავდროულად, დაზიანებულ მოზაიკაში სოკოს ბაქტერია გამრავლდა, რამაც ის კიდევ უფრო დააზიანა… ამას დაემატა მოზაიკური პანოს მზიდი კედლის ავარიულობა, რომელიც ასევე მოხდა ზემოაღნიშნული ხის მოულოდნელი ზრდის გამო…
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ მოზაიკის ცენტრალური ნაწილის აღსადგენად დაგვჭირდება ჰერკულესის ძალისხმევა და მოგვიწევს პანელის თითოეულ სანტიმეტრზე ზედმიწევნით მუშაობა. თითოეული კენჭი უნდა იყოს შერჩეული და დამუშავებული სოკოს საწინააღმდეგო სითხით, რათა მოზაიკას მომავალში არ დაემუქროს ჩამოშლა.
მიუხედავად ზემოაღნიშნული პირობებისა, მაინც მოვახერხეთ მოზაიკის მთავარი ნაწილის (ცენტრის) ამოჭრა. თუმცა, ვერ მოხერხდა ცენტრალური ნაწილის გარშემო ფონის დემონტაჟი: როგორც უკვე ვთქვი, კედელი იხრება, სახიფათოდ მოძრაობს და ამიტომ კედლის მექანიკური დამუშავება საშიშია, თუნდაც უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით.
ცენტრალური ფრაგმენტის დასაშლელად კედელი საყრდენი ბოძით გავამაგრეთ. თუმცა, არც ეს იყო სრულიად უსაფრთხო გზა. მაგრამ მაინც გავრისკეთ. (მადლობა ჩვენი გუნდის ექსპერტს, სებასტიანს, რომელიც პასუხისმგებელია მოზაიკის დემონტაჟზე ).
ცენტრალური ფრაგმენტის მოხსნის შემდეგ გაჩნდა ინტერიერში მისი განლაგების ესთეტიკური მხარის საკითხი.
ამაზე ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ ოთხი პერსონაჟი ჩაგვესვა მომრგვალებულ ჩარჩოში. ამისათვის დავამზადეთ შესაბამისი ყალიბი, საიდანაც გაკეთდა დამატებითი ცემენტის ფილები.
ჩემი აზრით, ეს იქნება საუკეთესო ვიზუალური გადაწყვეტა მოზაიკის პანელის სპეციფიკური თვისებების გათვალისწინებით.
როგორც ითქმის, ფაქტიურად მივაღწიეთ ფინიშს. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით ჩვენი ეს დროში გაწელილი,შრომატევადი, მაგრამ ძალიან საინტერესო პროექტი მალე დასრულდება.
.* ზუგდიდის მხატვრული რეწვის ცენტრის “ მოზაიკა სტუდიოს” პროექტი “მოზაიკების, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენა და აღდგენა”, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.